პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვარზე ღამით მომხდარი სამხედრო დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დროებით დაიხურა სასაზღვრო პუნქტები. ამის შესახებ Reuters ორივე მხარის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
პაკისტანის არმიის ცნობით, შეტაკებების შედეგად 23 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ქაბულში თალიბანის მთავრობის წარმომადგენლების ცნობით კი, მათ მებრძოლებს შორის ცხრა დაღუპულია.
ორივე მხარე მსხვერპლის მნიშვნელოვნად მაღალ მაჩვენებლებს ასახელებს: პაკისტანის განცხადებით, აბღანელების მხრიდან 200-ზე მეტი მებრძოლია დაღუპული, ავღანეთი კი 58 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ აცხადებს. Reuters-ს ამ მონაცემების დამოუკიდებლად დადასტურება არ შეუძლია.
გავრცელებული ინფორმაციით, ვითარება დაიძაბა ქაბულის რაიონებსა და აღმოსავლეთ ავღანეთის ბაზრებზე პაკისტანის საჰაერო დარტყმების შემდეგ.
ავღანური წყაროების ცნობით, საპასუხოდ, ავღანურმა დანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს პაკისტანის სასაზღვრო პოსტებს; პაკისტანმა, თავის მხრივ, არტილერიითა და მცირე ზომის იარაღით უპასუხა.
ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით პაკისტანის კურამის ოლქში, ეპიზოდური ცეცხლი ამ დრომდე გრძელდება.
პაკისტანმა დროებით დახურა 2600 კილომეტრიანი საზღვრის (დურანდის ხაზი) გასწვრივ რამდენიმე გადასასვლელი პუნქტი, მათ შორის ტორხამისა და ჩამანის მთავარი გადასასვლელები, ასევე უფრო მცირე გადასასვლელები ჰარლაჩიში, ანგურ ადასა და გულამ ხანში.
ინციდენტმა სასაზღვრო რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება გამოიწვია.