მექსიკაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად არის მიჩნეული. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ძლიერმა წვიმებმა ქვეყნის რამდენიმე შტატში ელექტროენერგიის გათიშვა და მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლა გამოიწვია.
იდალგოს შტატში, 16 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 1000 სახლი და ასობით სკოლა დაზიანდა.
პუებლას შტატის გუბერნატორმა ალეხანდრო არმენტამ განაცხადა, რომ მეწყერისა და სხვა ინციდენტების შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაკარგულად არის მიჩნეული.
ხელისუფლებამ ასევე განაცხადა ვერაკრუსის შტატში კიდევ ორი დაღუპულის შესახებ.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მოსახლეობის ევაკუაციაზე, გზების გაწმენდასა და ელექტროენერგიის აღდგენაზე. მისივე ცნობით, მაშველები ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიან მოქალაქეებს, რომელთა სახლენი და მიმდებარე ქუჩები დაიტბორა.
მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მაშველები ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიან დატბორილ ქუჩებში გადაადგილებისას.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამაშველო და სხვა სახის ღონისძიებებში უწყების 5 400-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.
ამასთან სინოპტიკოსების ცნობით, შტორმების - „რეიმონდის“ და „პრისცილას“ გამო ძლიერი წვიმები კვლავ გრზელდება ბახა კალიფორნიის ნახევარკუნძულსა და მექსიკის დასავლეთ სანაპიროზე.