სამომავლოდ, უკრაინამ, შესაძლოა, მიიღოს მძლავრი იარაღი, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს და რომელიც ჯერ არ გამოყენებულა უკრაინაში. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა რიგის კონფერენციაზე განაცხადა.
უიტაკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დრო“. მისი თქმით, ასეთი იარაღის მიწოდება უკრაინაში შესაძლებელია.
„მისი ნაწილი პოტენციურად შეიძლება გადაიტანონ უკრაინაში გამოსაყენებლად და ამან შეიძლება შეცვალოს კალკულაცია,“ - თქვა მან.
მან ასევე თქვა, რომ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ვლადიმირ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომ მოლაპარაკებების დრო დადგა.
მან ასევე დასძინა, რომ პუტინი არ დემონსტრირებს სისუსტეს თუმცა სინამდვილეში ის ძალიან სუსტია.
ცნობისათვის, ბოლო დროს საუბარი მიმდინარეობს უკრაინისთვისTomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გარკვეულწილად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk -ის ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიიღო თუ არა მან გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, “დიახ, თითქმის მივიღე [გადაწყვეტილება].
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას სურს იცოდეს, კონკრეტულად რისთვის იქნება გამოყენებული ეს რაკეტები და სად გაიგზავნება ისინი.
„ვფიქრობ, მსურს გავიგო, რას გააკეთებენ. სად გაგზავნიან მათ? ალბათ, ეს კითხვა უნდა დავსვა. რამდენიმე კითხვას დავსვამდი. ომის ესკალაციას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ტრამპმა.