ევროკომისია მიესალმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებას, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ წინადადებაზე, - ასე ეხმიანება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესახებ შეთანხმების მიღწევას.
„მივესალმები შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის დიპლომატიურ ძალისხმევას ამ გარღვევის მისაღწევად. ასევე, მოხარული ვარ ისრაელის მთავრობისა და პალესტინის ხელისუფლების მხარდაჭერით. ახლა ყველა მხარემ სრულად უნდა დაიცვას შეთანხმების პირობები. ყველა მძევალი უსაფრთხოდ უნდა გათავისუფლდეს. უნდა დამყარდეს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა. ტანჯვა უნდა დასრულდეს. ევროკავშირი გააგრძელებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი და უსაფრთხო მიწოდების მხარდაჭერას. და როდესაც დრო დადგება, ჩვენ მზად ვიქნებით, დავეხმაროთ აღდგენასა და რეკონსტრუქციაში. დღევანდელი შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. ეს არის შესაძლებლობა, რომ გაგვიკვლიოს სანდო პოლიტიკური გზა ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. გზა, რომელიც მტკიცედ არის დაფუძნებული ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტაზე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის ხელმოწერის შესახებ განაცხადა, რომელიც, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს.