აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს „უახლოეს დღეებში“ ისრაელს ეწვიოს, რათა სიტყვით გამოვიდეს ქვეყნის პარლამენტში, ქნესეთში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის ხელმოწერის გამოცხადებიდან მალევე, ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ ეს „დიდი დღე იყო ისრაელისა და მსოფლიოსთვის“.
მან თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან „შესანიშნავი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„ის ძალიან ბედნიერია. ის უნდა იყოს ბედნიერი. ეს დიდი მიღწევაა. მთელი მსოფლიო გაერთიანდა ამ შეთანხმების მისაღწევად, მათ შორის ქვეყნებიც, რომლებიც მტრები იყვნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ამ საუბრის დროს ნეთანიაჰუმ იგი ქნესეთის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია.
„მე ამას აუცილებლად გავაკეთებ, თუ მათ ეს სურთ“, - დაადასტურა ტრამპმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ლიდერებს შორის საუბარს „ემოციური და თბილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუმ ტრამპს მისი ძალისხმევისა და გლობალური ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიზიტი, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას შედგება.
თეთრმა სახლმა მანამდე განაცხადა, რომ კვირის ბოლოს ტრამპი, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ჩავიდეს.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა The Times of Israel-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არის, თუმცა ვიზიტი მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის ხელმოწერის შესახებ განაცხადა, რომელიც, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს.