არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსები, ბატონი გუბაზის შვილი [ლევან სანიკიძე], ვიღაც ფავლენიშვილი და ა.შ., რომლებსაც უნდათ, შექმნან ალიბი, რომ დამხობის აქციაში არ მონაწილეობდნენ და დროულად წამოვიდნენ იქიდან - მზად არიან მიიწებონ მოღალატის იარლიყიც კი, ოღონდ არ მოხვდნენ ციხეში,- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„რეალურად, ძალიან მარტივად დადგმული სცენარია. ჩვენ ვიცით, როგორი ალიანსია ამ ტელევიზიასა [„ტვ პირველსა“] და ამ პოლიტიკურ ძალას შორის. კონკრეტულად, „ტვ პირველი“ არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზია. ვინ დაიჯერებს იმას, რომ სახეზე რაიმე დაპირისპირებაა. რეალურად, წარმოიდგინეთ რა ხდება - არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსები, ბატონი გუბაზის შვილი [ლევან სანიკიძე], ვიღაც ფავლენიშვილი და ა.შ. რომლებსაც უნდათ ალიბი შექმნან იმასთან დაკავშირებით, რომ არ მონაწილეობდნენ დამხობის აქციაში და დროულად წამოვიდნენ იქიდან. ისინი მზად არიან, მიიწებონ მოღალატის იარლიყიც კი, ოღონდ არ მოხვდნენ ციხეში. ეს არის მარტივი სცენარი, რომელიც პარტიული ტელევიზიის დახმარებით ხორციელდება“,- განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ჟურნალისტები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისთვის დასმული კითხვით, თუ რატომ არ იყვნენ ისინი 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან აქციის ორგანიზატორებთან ერთად, კონკრეტულ ლიდერებს „სამართლებრივ ალიბს უქმნიან“.
„ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან, ეს ერთი და მეორე - სამართლებრივი ალიბის შექმნა სჭირდებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ათონელის სასახლესთან ძალადობის განხორციელების დროს არ იყვნენ. კი, კი, გაიპარნენ. თქვენ, ამ შემთხვევაში, ეხმარებით სამართლებრივი ალიბის შექმნაში. თქვენი [ჟურნალისტს] პარტიაა და უნდა დაეხმაროთ. ამაში აბსოლუტურად თანაგიგრძნობთ. კი არ გაბრალებთ, თქვენ ხართ ერთი პარტია. ეს კითხვა რომ დაესვა სხვა ტელევიზიას და არა პარტიულ ტელევიზიას, სხვა რამეში იქნებოდა საქმე. მაგრამ საკუთარი პარტიის ლიდერებს რომ უსვამთ კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გაიპარნენ, ამით ხომ სამართლებრივ ალიბს უქმნით საკუთარი პარტიის ლიდერებს. ისინი გაიპარნენ, ესაა საქმე, მაგრამ თქვენ გინდათ, რომ სამართლებრივი ალიბი შეუქმნათ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თითქოს, არ ემხრობოდნენ „დამხობის აქციას“. ამ დროს, წინასწარ იყო დაანონსებული „დამხობის აქცია“ და მთელი შემართებით მივიდნენ ეს ლიდერები დანარჩენ 7 ათასამდე კაცთან ერთად ამ „დამხობის აქციაზე“, თუმცა იქიდან იმედგაცრუებულები წამოვიდნენ“,- განაცხადა კობახიძემ.