აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელასა და მის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან ყველა დიპლომატიური კონტაქტის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ამის შესახებ New York Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა ვენესუელასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის მცდელობები შეწყვიტა, რითაც გზა გაუხსნა ნარკოდილერების და ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ესკალაციას.
მადუროსთან და სხვა ვენესუელელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი და კენედის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ გრენელი ხელმძღვანელობდა.
თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ კვირას, სამხედრო ლიდერებთან შეხვედრის დროს, ტრამპმა გრენელს დაურეკა და დაავალა, შეეწყვიტა ყველა დიპლომატიური კონტაქტი, მათ შორის მადუროსთან მოლაპარაკებები.
ტრამპმა გამოთქვა იმედგაცრუება მადუროს მიერ აშშ-ის მოთხოვნების მიღებაზე უარის თქმის გამო, ნებაყოფლობით დაეთმო ძალაუფლება, ასევე იმით, რომ ვენესუელის ოფიციალური პირები კვლავ ამტკიცებენ, რომ ისინი ნარკოტიკებით ვაჭრობაში არ არიან ჩართული.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ კონფლიქტის ესკალაციის რამდენიმე გეგმა შეიმუშავა. შესაძლოა, ეს ოპერაციები ასევე მოიცავდეს გეგმებს, რომლებიც მიზნად ისახავს მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, მადუროს „არალეგიტიმური“ ლიდერი უწოდა და არაერთხელ ახსენა აშშ-ის მიერ მის წინააღმდეგ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებები.
ამასთან, აშშ-მა მადუროს დასაკავებლად ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა გამოიყენოს „ამერიკული ძალაუფლების ყველა ინსტრუმენტი“, რათა თავიდან აიცილოს ნარკოტიკების შეერთებულ შტატებში შეღწევა და მადუროს ნათლად აუხსნა, რომ მან ვენესუელიდან ნარკოტიკებით ვაჭრობა უნდა შეწყვიტოს.
ცნობისათვის, მანამდე დონალდ ტრამპმა სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის დროსაც ვენესუელის ნარკოკარტელის, Tren de Aragua-ს
11 ტერორისტი მოკლეს.
რუბიოს თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს ნარკოტიკებით დატვირთულ გემზე, რომელიც ვენესუელიდან მოდიოდა და რომელიც ერთ-ერთ ნარკოტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფების ექსპლუატაციის ქვეშ იმყოფებოდა.