აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გარკვეულწილად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk -ის ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიიღო თუ არა მან გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, “დიახ, თითქმის მივიღე [გადაწყვეტილება].
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას სურს იცოდეს, კონკრეტულად რისთვის იქნება გამოყენებული ეს რაკეტები და სად გაიგზავნება ისინი.
„ვფიქრობ, მსურს გავიგო, რას გააკეთებენ. სად გაგზავნიან მათ? ალბათ, ეს კითხვა უნდა დავსვა. რამდენიმე კითხვას დავსვამდი. ომის ესკალაციას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მოუწოდა, Tomahawk-ის რაკეტები ევროპის ქვეყნებს მიჰყიდოს, რომლებიც მათ უკრაინაში გაგზავნიან. რაკეტების მოქმედების რადიუსი 2 500 კმ-ია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა გამოიყენებს შორ მანძილზე მოქმედ Tomahawk-ის რაკეტებს ეს „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს დააზიანებს“.