ისრაელის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ღაზის სექტორზე თავდასხმების შეწყვეტისკენ, სამხედროებს უბრძანა, შეწყვიტონ შეტევითი მოქმედებები ქალაქ ღაზის წინააღმდეგ და გადავიდნენ თავდაცვით მოქმედებებზე. ამის შესახებ The Times of Israel ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს.
ისრაელის მედიის ცნობით, სამხედროებს უბრძანეს, ქალაქ ღაზაში ოპერაციები მინიმუმამდე შეამცირონ და მხოლოდ თავდაცვითი მანევრებით შემოიფარგლონ.
გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპის მიერ ისრაელისადმი ღაზის სექტორის დაბომბვის შეწყვეტის საჯარო მოწოდებას მოჰყვა.
ამავდროულად, ისრაელის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიაიუწყება, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გაიმართება.
შეგახსენებთ, „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. „ჰამასის“ განცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ისრაელს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა, რათა მძევლები უსაფრთხოდ გაათავისუფლონ.