კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ჩვენს გუნდს რეალურად შეუძლია ღირსეულად უპასუხოს თბილისში არსებულ ყველა გამოწვევას, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს.
„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვის რა ხედვა აქვს დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, ვინც საუბრობს თბილისთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა გამოწვევები არსებობს. კანდიდატებმა ისაურბეს კონკრეტულ პრობლემებზე, მაგალითად საცობებზე, მაგრამ მათ არ წარმოუდგენიათ ხედვა, გეგმა რა უნდა გაკეთდეს მის მოსაგვარებლად. ერთადერთი გუნდი ვართ „ქართული ოცნება“, რომელიც რაიონებში განსახორციელებელი კონკრეტული პროექტებით საუბრობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.