თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „წითელ ხაზს“ გაავლებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს მისცემს "ჰამასს" ღაზაში ბრძოლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის მიერ მხარდაჭერილი გეგმის მისაღებად, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტის თქმით, ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ „ჰამასისგან“ პასუხის მოსმენა ძალიან სწრაფად სურს.
„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად სურს „ჰამასისგან“ პასუხის მოსმენა. ამ საკითხზე საუბარს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს მივანდობ. თუმცა, ჩვენ ველით და იმედი გვაქვს, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ გეგმას. ეს კარგი გეგმაა და, როგორც იცით, მას მთელი მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან“, – განაცხადა ლევიტმა.
შეგახსენებთ, 29 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. ტრამპმა აღნიშნა, რომ „ჰამასს“ გეგმის მისაღებად სამ-ოთხ დღეს აძლევს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ისრაელს ექნება შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამხედრო კამპანიის გასაგრძელებლად.