„13 წლის თავზე ძალიან ბევრია საამაყო - საამაყოა ის, რომ გვაქვს მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ებრძვის მტერი, რომელიც ანგარიშგასაწევია, მხედველობაში მაქვს გლობალური ომის პარტია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ 13-წლიანი მმართველობის მიღწევებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს დანის პირზე მოუწია სიარული.
„ამას ებრძვის არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, არამედ აშშ-ის პრეზიდენტიც და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ნახეთ, რა პროცესები გამოიარა საქართველომ, თუნდაც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე. დანის პირზე მოგვიწია სიარული - უამრავი გამოწვევა და პრობლემა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი მტკიცე და პრაგმატული პოლიტიკით, ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკა ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ არ გსიამოვნებთ ამაზე საუბარი, ეს არის მოცემულობა - ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობას იღებს მოსახლეობა. ეს შეუქცევადი პროცესია. ჩვენი პოლიტიკით გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის, ისე როგორც არასდროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი.