ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ყველა სამხედრო მოქმედება, რათა სასწრაფოდ აღდგეს გარე მომარაგების ელექტროგადამცემი ხაზები.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა კვლავ გაწყვიტა კავშირი ბოლო გარე ენერგიის წყაროსთან.
ეს უკრაინაში ომის დაწყებიდან მეათე შემთხვევა და ელექტროენერგიის ყველაზე ხანგრძლივი და სერიოზული გათიშვაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები კვლავ აფერხებს ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებას და ხელახლა შეერთებას.
„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია, რათა უზრუნველყოს ელექტროგადამცემი ხაზების სასწრაფო აღდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ატომური ელექტროსადგური ამჟამად მხოლოდ საგანგებო დიზელის გენერატორებზეა დამოკიდებული, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგია ექვსი გამორთული რეაქტორის გაგრილებისთვის და შეასრულოს ბირთვული უსაფრთხოების სხვა ძირითადი ფუნქციები.
ელექტროენერგიის ხანგრძლივმა გათიშვამ საბოლოოდ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემებს.
„რუსეთმა დაუყოვნებლივ, უპირობოდ და სრულად უნდა გაიყვანოს ყველა თავისი ჯარი, სამხედრო ტექნიკა და სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და მთელი უკრაინიდან. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის კომპეტენტური და ლეგიტიმური ხელისუფლების სრული კონტროლის ქვეშ დაბრუნება ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტაა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს გლობალური შედეგების მქონე ბირთვული ავარიის რისკს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფორმაციით, გარე მომარაგება შეწყდა გასული კვირის სამშაბათს, დილის 4:56 საათზე, როცა დარჩენილი ერთადერთი მომარაგების ხაზი დაზიანდა სადგურიდან დაახლოებით ერთნახევარ კილომეტრში სამხედრო მოქმედებების შედეგად, რის შემდეგაც ავტომატურად ჩაირთო სათადარიგო დიზელის გენერატორები, რითაც საჭირო ელექტროენერგია მიეწოდება სადგურის უსაფრთხოების სისტემებს და აგრილებს ექვს რეაქტორსა და გამოყენებულ საწვავს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის ერთ-ერთი გენერატორი მწყობრიდან გამოვიდა.