რუმინეთი უკრაინასთან ერთად თავდაცვითი დრონების წარმოებას გეგმავს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
ეს ნაბიჯი პირდაპირი პასუხია რუსული დრონების მიერ წარმოქმნილ მზარდ საფრთხეზე.
„ჩვენ გვჯერა, რომ სწორი სტრატეგია აღმოსავლეთ ფლანგის უკეთ დაცვაა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ, მაგალითად, უკრაინასთან, თავდაცვითი დრონების შესაქმნელად. ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, გვჯერა, რომ ეს შეიძლება რაც შეიძლება სწრაფად ვაქციოთ რეალობად“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრია, უკრაინასთან 650 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსული დრონების მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა ფრაგმენტებიც რუმინეთის ტერიტორიაზე ჩაცვივდა.
ამან ბუქარესტი აიძულა, საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები ეძებნა.
პროექტი დაფინანსდება ევროკავშირის ახალი SAFE ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია ბლოკის ქვეყნების ხელახალი შეიარაღება.
ამ პროგრამის ფარგლებში რუმინეთისთვის 16.6 მილიარდი ევრო იქნება ხელმისაწვდომი. ეს თანხები ბუქარესტს საშუალებას მისცემს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად თავდაცვის შესყიდვებზე მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1% დახარჯოს.