უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ ევროატლანტიკურ საზოგადოებას მოუწოდა, აღიარონ, რომ რუსეთი უკვე აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ნატო-ს წინააღმდეგ.
„უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ჩვენთან, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან ომშია. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ საპასუხო ზომები“, - განაცხადა სიბიჰამ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საერთაშორისო სანქციების გამკაცრებამ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს.
„სანქციები, ტრანსატლანტიკური სანქციები. მხოლოდ ევროპული სანქციები საკმარისი არ არის. ის ამერიკულ ზომებთან სინქრონიზებული უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, ტარიფებს უწოდებენ თუ შემზღუდველ ზომებს“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრმა დასძინა, რომ კიდევ ერთი ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების გამოყენება.
სიბიჰას თქმით, უკრაინა ასევე იმედოვნებს „გადამწყვეტ ნაბიჯებს“, რათა მოიპოვოს თანხები აშშ-სა და ევროპაში იარაღის შესაძენად.