დანიაში სამხედრო ობიექტებთან ამოუცნობი დრონები კვლავ გამოჩნდნენ. დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტი 26 სექტემებერს მოხდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, უპილოტო საფრენი აპარატები რამდენიმე სამხედრო ობიექტის სიახლოვეს შენიშნეს. ინფორმაციას Reuters-ი დანიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ღამით დანიის თავდაცვის რამდენიმე ლოკაციაზე დრონები დაფიქსირდა“, - განაცხადა დანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.
დანიის შეიარაღებულ ძალებში არ დაუკონკრეტებიათ, თუ სად დააფიქსირეს დრონები.
პოლიციის ცნობით, დრონები დანიის დასავლეთ ნაწილში, კარუპის საჰაერო ბაზის მახლობლად შენიშნეს.
შეგახსენებთ, დანიის “ოლბორგის“ აეროპორტმა 25 სექტემბერს ღამით საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო ფრენები დრონებით შეაჩერა. მანამდე 22 სექტემბრის საღამოს, დანიისა და ნორვეგიის დედაქალაქების საჰაერო სივრცე უცნობმა დრონებმა დაარღვიეს, რამაც კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტების სრული დახურვა გამოიწვია.