აშშ-ის კონგრესში დემოკრატების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების ახალ ფაილებში, რომელიც ეხება ამჟამად გარდაცვლილ სექსუალური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინს, მილიარდერი ილონ მასკი და პრინც ენდრიუც ფიგურირებენ. იუწყება BBC
დოკუმენტების თანახმად, მასკი ეპშტეინის კუნძულზე 2014 წლის დეკემბერში მიიწვიეს. პრინცი ენდრიუ მოხსენიებულია 2000 წლის მაისში ნიუ-ჯერსიდან ფლორიდაში განხორციელებული რეისის მგზავრთა სიაში.
პრინცმა ენდრიუმ ადრე კატეგორიულად უარყო ნებისმიერი დანაშაული. მასკის თქმით, ეპშტეინმა ის კუნძულზე მიიწვია, თუმცა მან უარი თქვა.
დოკუმენტები, რომლებშიც მასკი და პრინცი ენდრიუ არიან ნახსენები, ჯეფრი ეპშტეინის მემკვიდრეების მიერ მოწოდებული დოკუმენტების მესამე ნაკრების ნაწილია.
წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატი წევრების თქმით, დოკუმენტები მოიცავს სატელეფონო ჩანაწერებს, ფრენის დოკუმენტაციისა და მგზავრების სიების ასლებს, ჟურნალებს და ეპშტეინის ყოველდღიურ გრაფიკს.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ასევე ეპშტეინის პარტნიორი ქალი გილეინ მაქსველი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.