გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ქსელებზე ჰიბრიდული თავდასხმების ზრდის გამო, ქვეყანამ ფაქტობრივად შეწყვიტა მშვიდობიანი ცხოვრება.
ამის შესახებ მერცმა ბერლინში, Schwarz Ecosystem Summit-ზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მონაცემთა ქსელებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, გერმანიაში მშვიდობაზე საუბარი შეუძლებელია.
„ჩვენ ომში არ ვართ, მაგრამ არც მშვიდობიანად ვცხოვრობთ“, - თქვა მან.
„დრონების ფრენები, ჯაშუშობა, ტირგარტენში [ჩეჩენი აქტივისტის მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის მიერ], მასობრივი მუქარა საზოგადოების ცალკეული წევრების მიმართ არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის სხვა მრავალ ქვეყანაში. საბოტაჟის ყოველდღიური აქტები. მონაცემთა ცენტრების პარალიზების მცდელობები. კიბერშეტევები", - განაცხადა მერცმა.
მერცმა აღნიშნა, რომ პრობლემა არა მხოლოდ სამთავრობო უწყებებს, არამედ ბიზნესებსაც შეეხო.
„აქ, ამ დარბაზში, ალბათ ყოველ მეორე ადამიანს ერთხელ მაინც განუცდია თავდასხმები მონაცემთა ქსელებსა და ინფრასტრუქტურაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ცნობისათვის, პარასკევს, ჩრდილოეთ გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის თავზე რამდენიმე დრონი შენიშნეს, რის შემდეგაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოძიება დაოწყო
სექტემბრის დასაწყისში, პოლიციის სპეციალურმა დანაყოფებმა კილის არხში სატვირთო გემი გაჩხრიკეს, რომელიც, სავარაუდოდ, დრონების ფრენების ბაზას წარმოადგენდა.
აგვისტოს ბოლოს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ყოველდღიურად ესხმის თავს გერმანიის ინფრასტრუქტურას და ქვეყნის დიდი ნაწილის დესტაბილიზაციას ახდენს.