რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო-მ და ევროკავშირმა „უკრაინის ხელით“ რუსეთს „ნამდვილი ომი“ გამოუცხადეს და პირდაპირ მონაწილეობენ ამ ომში.
ამის შესახებ ლავროვმა G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ გაერო-ს წესდების პრინციპების დაცვაზე უარის თქმა „ნეოკოლონიური ამბიციების გამოვლინებაა, [რაც] გლობალური არასტაბილურობის ზრდას და რეგიონული კონფლიქტების გამრავლებას იწვევს“.
„ნათელი მაგალითია უკრაინის კრიზისი, რომელიც კოლექტიური დასავლეთის მიერ არის პროვოცირებული, რომლის ხელითაც ნატო-მ და ევროკავშიმა უკვე გამოუცხადეს ნამდვილი ომი ჩემს ქვეყანას და უშუალოდ მონაწილეობენ მასში“, - თქვა მან.
„ახლო აღმოსავლეთში ესკალაციაც ამას შეესაბამება. ღაზაში უპრეცედენტო ჰუმანიტარულმა კატასტროფამ უკვე შეიწირა 65 000 ადამიანის სიცოცხლე და ახლო აღმოსავლეთში მომუშავე გაერო-ს ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ არსებობს შეფასებები, რომ დაღუპულთა რიცხვი 10-ჯერ მეტია. ისრაელის არცერთ მეზობელს არ შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს; ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ,“ - განაცხადა ლავროვმა.