კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა, ამას სჭირდება რეაგირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საგარეო სამინისტროში ელჩების დაბარებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ელჩების დაბარება არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რომ ისინი დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს.
„მათ უნდა დაიცვან წესები, პრინციპები, ეს არის, მათ შორის, ევროპული მიდგომა. არ შეიძლება, საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები და მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში. თქვენ გახსოვთ, იგივე მაკრონის განცხადება ერთ-ერთ ელჩზე, მან ბევრად უფრო რბილი განცხადება გააკეთა, ფრანგულ პოლიტიკაში ჩარევას დიდად არც გულისხმობდა ეს განცხადება, მაგრამ მაშინვე ჰქონდა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტს. ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არამარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს საქართველოში.
„ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს, ძალიან ხშირად. მათ შორის, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში იყო ჩარევა – ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვენის კონვენციის ამაზე უხეში დარღვევა უბრალოდ არ არსებობს. ასეთი მაგალითები არის უამრავი. გახსოვთ, რომ ელჩები დადიოდნენ სასამართლო პრიოცესებზე, რათა განეხორიცლებინათ ზემოქმედება მოსამართლეების საქმიანობაზე, რაც ასევე ვენის კონვენციისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევებია. ასე არ უნდა იქცეოდნენ ელჩები, მითუმეტეს ის ელჩები, რომლებიც ევროპას წარმოადგენენ. ევროპა, ტრადიციულად, იყო წესებთან დაკავშირებული სიმბოლო, წესების პატივისცემის სიმბოლო და ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები, სამწუხაროდ, ხშირად არღვევენ უხეშად პრინციპებსა და წესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორ პოლიტიკოსს“, – განაცხადა პრემიერმა.