"პროკურატურამ [ფონდის ჩამრიცხველებისგან] გამოარჩია მხოლოდ 2 გვარი: ბაჩიაშვილი და გილაური" - ამის შესახებ ტელეწამყვანმა, “ნანუკას ფონდის” დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. უწყებაში ის ე.წ. საბოტაჟის საქმეზე იკითხებოდა.
ტელეწამყვანის ცნობით, გამომძიებელს აინტერესებდა რა მიზნით ჩარიცხეს ფული "ნანუკას ფონდში" გიორგი ბაჩიაშვილმა და ნიკა გილაურმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩარიცხვის დოკუმენტში მიზნობრიობა მითითებული იყო.
"ვიყავი მისული წესდებით, რომ პროკურატურისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა, რომ ყველა გადარიცხვა ითვალისწინებს იმ ნორმას, რასაც უშვებდა წესდება, რის უფლებასაც წესდება მაძლევდა, ეს ერთი.
მეორე, თქვენ იცით, რომ ფონდში არის ძალიან ბევრი, ალბათ ათი ათასობით ჩარიცხვა, დაწყებული ერთი ლარიდან, დამთავრებული ათი ათასობით ლარით და ემიგრანტები და ასე შემდეგ, ბიზნესმენები, საბანკო სექტორი და ძაან ბევრი ჩამრიცხველი ჰყავდა, მაგრამ პროკურატურამ ამ ყველასგან გამოარჩია მხოლოდ ორი გვარი: ეს იყო ბაჩიაშვილი და გილაური. პროკურატურას აინტერესებდა ბაჩიაშვილის და გილაურის თანხა რისთვის იყო, მიუხედავად რომ იქ მიზნობრიობა იყო და რაში დაიხარჯა ეს თანხა. პასუხი გავეცი და ვუთხარი კიდევაც, რომ გილაურთან დაკავშირებით, დღეს, დღევანდელი ჩემი გადმოსახედიდან, "ქართულ ოცნებას" უფრო შეუძლია ინფორმაცია მომაწოდოს, ვიდრე მე მას მივაწოდო ინფორმაცია. ამიტომ ეს შეკითხვა ჩავთვალე, რომ ჩემთან არ იყო და დაესვათ ნიკა გილაურისთვის. თუმცა საჯარო იყო რატომ ჩარიცხა ორივე ადამიანმა და არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა სხვა ბიზნესმენმა ჩვენ ფონდში ფული," - განუცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.