ნაცვლად იმისა, რომ ბატონ პიტერს, 30 წლის გამავლობაში, ბევრი გერმანელის, ბევრი ქართველის და მეც ვიყავი ამის მონაწილე, აშენებული ხიდის გამყარება -გაფართოება გაეკეთებინა, მან დაწვა ყველა ხიდი საქართველოს ხელისუფლებასთან, პირადად მან. ეს ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა. ყველაზე მეტად მე ვწუხვარ ამაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოში გერმანიის ელჩის, პირეტ ფიშერის მიმართ გაკეთებულ კრიტიკას ეხება - თუ რა მოლოდინი აქვთ მასთან სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გერმანიის ელჩის მიმართ არანაირი მოლოდინი არ აქვს.
„მე არანაირი მოლოდინი ბატონი პიტერის მიმართ არ მაქვს. ვიცი, რომ მომავალი წლის ივნისამდე არის საქართველოში მისი ყოფნის ვადა. სხვათა შორის, მას ვადა გასდიოდა, ახლა, ზაფხულში და გაიხანგრძლივა ერთი წლით. მე არანაირი მოლოდინი რაიმე დადებითის მიმართულებით არ მაქვს. თვითონაც კარგად იციან, როცა ვსაუბრობთ, რომ საქართველო პატარაა, ყველა ყველას იცნობს და გერმანულენოვანი საზოგადოებაც არ არის დიდი, ვიცით მისი პირადი დამოკიდებულება - მას აქვს პირადი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ და მისი ამომრჩევლის მიმართ. ასე რომ ჩვენ ამას ვერ შევცვლით. გერმანიის მთავრობას თუ უნდა რომ წარმოადგენდეს, რა თქმა უნდა, ეს მათი ნებაა და მათი ელჩი არის, თუმცა მე ვთქვი კიდევაც, რომ მე რთულად წარმომიდგენია ამ ელჩის პირობებში, რომ მან რაიმენაირად შეძლოს საერთო ენის მონახვა. ფაქტობრივად, ის ყველას თავს ესხმის, მთავრობა, პარლამენტი, ჟურნალისტი, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იქნება, თუ რაც იქნება. გასაგებია, რომ გერმანიის ელჩია და მისი [გერმანის მთავრობის] მხარდაჭერა ექნება, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მხრიდან. ელჩის ამოცანა არის, რომ იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ ბატონ პეტერს, 30 წლის გამავლობაში, ბევრი გერმანელის და ბევრი ქართველის და მეც ვიყავი ამის მონაწილე, აშენებული ხიდის გამყარება, თუ გინდათ, გაფართოება დაარქვით, გაეკეთებინა, ამის ნაცვლად მან დაწვა ყველა ხიდი საქართველოს ხელისუფლებასთან, პირადად მან. ასე რომ ეს ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა. ყველაზე მეტად მე ვწუხვარ ამაზე. ვიცი და მთელმა საზოგადოებამ, რა ურთიერთობები არის გერმანიასა და საქართველოს შორის. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საელჩო გახსნა საქართველოში და ბევრი ქართველი, მათ შორის ჩემი ჩათვლით, ჩართული ვიყავით იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყო საპატივცემულო. სამწუხაროა, რომ ბატონი პეტერი თავისი დამოკიდებულებით და არ ვიცი, რატომ აქვს ეს დამოკიდებულება, ამ ხიდებს წვავს“, -განაცხადა პაპუაშვილმა.