საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენა, მან ისრაელზე თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად.
ამის შესახენ მაკრონმა ნიუ იორკში პრესის წარმომადგენელბს განუცხადა.
მაკრონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახლა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს საკმარისი გავლენა ისრაელზე ზეწოლის განსახორციელებლად და მის დასარწმუნებლად დაასრულოს ომი.
„მხოლოდ ერთი ადამიანია, ვისაც ამის შესახებ ყველაფრის გაკეთება შეუძლია და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მიზეზი კი, რის გამოც მას ჩვენზე მეტის გაკეთება შეუძლია, არის ის, რომ ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, რომელიც ღაზაში ომის წარმოებას შესაძლებელს ხდის... აშშ კი ამას აკეთებს“, - თქვა მაკრონმა.
მან ასევე ისაუბრა ტრამპის გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დეტალებზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო დასავლეთის რიგი ქვეყნების ინიციატივები პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ და ეს „ჰამასისთვის ჯილდოდ“ შეაფასა, თუმცა ასევე ისაუბრა ომის დაუყოვნებლივ შეჩერების აუცილებლობაზე.
„აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს დილით ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ის მშვიდობისთვის იბრძვის, რომ მან შვიდი ომი მოაგვარა და რომ სურს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება. ნობელის მშვიდობის პრემია მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ამ ომს შეწყვეტთ“, - თქვა მაკრონმა.