ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევისას რუსული თვითმფრინავების ან დრონების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებს რეალურ დროში დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, შესაძლო საფრთხის დონიდან გამომდინარე.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში, 23 სექტემბერს, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„მოიერიშე თვითმფრინავების წინააღმდეგ ძალის გამოყენების, მათ შორის მათთან დაპირისპირების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეალურ დროში და ყოველთვის ეფუძნება თვითმფრინავის საფრთხის დონის შესახებ არსებულ დაზვერვის მონაცემებს, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიცაა განზრახვები, შეიარაღება და ალიანსის ძალებისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის ან ინფრასტრუქტურისთვის შესაძლო რისკი,“ - განაცხადა რუტემ.
რუტემ დასძინა, რომ ევროპაში ნატო-ს გაერთიანებულ ძალებს, რომელსაც მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდალი ალექსუს გრინკევიჩი ხელმძღვანელობს, „გააჩნიათ საერთო პრეროგატივები, პასუხისმგებლობები და ყველა საჭირო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“.
„ესტონეთში საჰაერო სივრცის ბოლო დარღვევის შემთხვევაში, რომელიც დღეს განვიხილეთ, ნატო-ს ძალებმა დაუყოვნებლივ ჩაჭრეს თვითმფრინავის და მისი ესკორტირება მოახდინეს ესკალაციის გარეშე, რადგან არანაირი დაუყოვნებელი საფრთხე არ გამოვლენილა“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.