აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც მოძრაობა „ანტიფა“ „შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ბრძანებაში „ანტიფას“ მოხსენიებულია „მილიტარიზებულ, ანარქისტულ ორგანიზაციად“, რომელიც „ღიად მოუწოდებს აშშ-ის მთავრობის, სამართალდამცავი ორგანოებისა და ჩვენი სამართლებრივი სისტემის დამხობისკენ“.
ამ მიზნების მისაღწევად, ის იყენებს „ძალადობისა და ტერორიზმის“ მეთოდებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აღმასრულებელ განკარგულებაში ტრამპი მოძრაობას ადანაშაულებს არეულობების ორგანიზებაში, სამართალდამცავებთან შეტაკებებში, იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმებსა და პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მიმართ მუქარაში.
ტრამპმა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს დაავალა, გამოიძიონ და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ „ანტიფას“ ან ნებისმიერი პირის მიერ, ვინც აცხადებს, რომ მოძრაობის სახელით მოქმედებს, განხორციელებული „ნებისმიერი უკანონო საქმიანობის“ მიმართ.
BBC News-ის ცნობით, „ანტიფა“ (შემოკლებით „ანტიფაშისტი“) დეცენტრალიზებული მემარცხენე მოძრაობაა, რომელიც ულტრამემარჯვენე, რასისტულ და ფაშისტურ დაჯგუფებებს ეწინააღმდეგება.