კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი მოკლეს იმის გამო, რომ ის ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობდა, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ის კირკს გადასცემს „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალს“, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა.
დონალდ ტრამპმა ჩარლი კირკის მკვლელს „რადიკალიზებული, ცივსისხლიანი ურჩხული“ უწოდა.
ტრამპმა ეს განცხადება მოკლულის ქვრივის, ერიკა კირკის, მიერ მკვლელისთვის პატიების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გააკეთა.
„ის სასტიკად მოკლეს, რადგან იბრძოდა თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ღმერთის, ქვეყნისთვის, გონიერებისა და საღი აზრისთვის. იარაღი მისკენ, მაგრამ ტყვია ყველასკენ იყო მიმართული. ეს ტყვია ყველასკენ იყო მიმართული“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩარლი კირკმა დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდებში კონსერვატიული შეხედულებების პოპულარიზაციის კუთხით.
„2024 წელს ჩვენ მოვიპოვეთ იმაზე მეტი ახალგაზრდა, ვიდრე ნებისმიერმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, პირველად მოვიპოვეთ 30 წლამდე კაცების უმრავლესობა“, – განაცხადა დონლად ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კირკს ერთ საკითხში არ ეთანხმებოდა.
„იგი იყო კეთილშობილი სულის პატრონი და დიდი მიზნის მქონე. მას არ სძულდა თავისი მოწინააღმდეგეები. მას მათთვის საუკეთესო უნდოდა. სწორედ ამ საკითხში არ ვეთანხმებოდი ჩარლის. მე მძულს ჩემი მოწინააღმდეგეები და არ მინდა მათთვის საუკეთესო“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩარლი კირკმა სიკვდილამდე მას ჩიკაგოს დანაშაულისგან გადარჩენა სთხოვა.
„ერთ-ერთი უკანასკნელი რამ, რაც მან მითხრა, იყო: „გთხოვთ, ბატონო, გადაარჩინეთ ჩიკაგო“. „ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ გადავარჩენთ ჩიკაგოს საშინელი დანაშაულებისგან“, - განაცხადა ტრამპმა არიზონაში გამართულ ცერემონიაზე.
ტრამპმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსს გადასცემს „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალს“, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა.
ჩარლი კირკის მკვლელობაში 22 წლის ტაილერ რობინსონია დაკავებული.