“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.” ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისა და ივანიშვილის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ ნაბიჯებს. ასევე ყურადღება დაეთმო პარტიის დამფუძნებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური პატიმრობის საკითხს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენისთვის აუცილებელია ქართველ ხალხს წარმოადგენდეს პროდასავლური, პროამერიკელი და რაც მთავარია პროეროვნული ხელისუფლება.
“ჩვენ ახლა დავასრულეთ შეხვედრა თეთრ სახლში ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან და მინდა დადასტურებით ვუთხრა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-თვის და ასევე ესმით, რომ სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს რეგიონში ვერ იქნება მშვიდობა თუ საქართველოში არის რეჟიმი, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რომელიც ატყვევებს საკუთარ ოპონენტებს, ეს ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსისგან და შესაბამისად, ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის და აშშ-თან ურთიერთობის აღდგენისთვის აუცილებელია ქართველ ხალხს წარმოადგენდეს პროდასავლური, პროამერიკელი და რაც მთავარია პროეროვნული ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, რომ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი, მოიყვანს სისრულეში.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ