ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? ადგილზე არავინ ყოფილა. ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ვაკის პარკში ხის წაქცევის ფაქტს გამოეხმაურა.
დედაქალაქის მერი ვაკის პარკში ხის წაქცევის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ადგილზე არავინ ყოფილა. რა თქმა უნდა, მერია შემოწმებას ახორციელებს, თუმცა სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? იქ არავინ იმყოფებოდა, გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ნუ გაავრცელებთ სიცრუეს და ტყუილს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. სულ ნუ გავგიჟდებით, ხომ? ბუნებრივი პროცესები არსებობს, რომლის პრევენციაც შეუძლებელია. ხე წაიქცა, ხე მოტყდა, ცუდია, მაგრამ...“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, დღეს, მედიის მიერ გავრცელდა ინფოტმაცია, რომლის თანახმად, ვაკის პარკში ფანჩატურს, სადაც ბავშვები თამაშობდნენ და ღია გაკვეთილი მიმდინარეობდა, ხე დაეცა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.