ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი უკრაინასთან ყოველდღიური თანამშრომლობისთვის კიევში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის.
უკრაინელი პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მეცოლამ განაცხადა, რომ კიევში „თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“ ჩავიდა.
„ჩვენ ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ უკრაინაში და ვიმუშაოთ აქ, თქვენს გვერდით, ყოველდღე“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ „ეს იყო ჩვენი ვალდებულება თქვენს მიმართ და ჩვენ მას ვასრულებთ“.
„ჩვენ აქ ვართ თქვენთან ერთად და აქ დავრჩებით. და ასევე ვამბობთ: თქვენ არასდროს იქნებით მარტო. როდესაც მშვიდობა დადგება... ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს გვერდით დგომას თქვენი აღდგენისა და აღმშენებლობის პროცესში“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.