პოლონეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა რაფალ ლეშკევიჩმა რუსული დრონების შეჭრას რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნატო-ს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტი უწოდა და განაცხადა, რომ 10 სექტემბერი ისტორიაში შევა.
„გუშინდელმა დღემ ბევრი რამ შეცვალა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს ქვეყანას ამ გზით დაესხნენ თავს, რამდენიმე დრონი მოფრინდა, ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს, თავდასხმის შედეგად ერთი საცხოვრებელი შენობა დაინგრა და ერთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
„თუ ამას ისტორიული თვალსაზრისით შევხედავთ და არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ ეს თარიღი ისტორიის წიგნებში ჩაიწერება, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტი ნატო-ს ერთ-ერთი ქვეყნის, პოლონეთის წინააღმდეგ... ეს, რა თქმა უნდა, ღრმად იქნება გაანალიზებული და აუცილებლად ჩაიწერება ისტორიის წიგნებში“, - აღნიშნა ლეშკევიჩმა.