უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღრუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ევროპისთვის უკიდურესად საშიში პრეცედენტია.
„დღეს კიდევ ერთი ესკალაციის ნაბიჯი გადაიდგა - რუსეთ-ირანის „შაჰიდები“ მოქმედებდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, ნატო-ს საჰაერო სივრცეში.
არა მხოლოდ ერთი „შაჰედი“, რასაც შეიძლება უბედური შემთხვევა ვუწოდოთ, არამედ სულ მცირე 8 მოიერიშე დრონი, რომლებიც პოლონეთისკენ იყო მიმართული,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს ევროპისთვის უკიდურესად საშიში პრეცედენტია.
„იქნება თუ არა შემდგომი ნაბიჯები, მთლიანად დამოკიდებულია რეაგირების კოორდინაციასა და სიძლიერეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსებმა შედეგები უნდა იგრძნონ და რომ ომი არ შეიძლება გაფართოვდეს და ის აუცილებლად უნდა დასრულდეს.
პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე მრავალჯერ დაარღვიეს ობიექტებმა. პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ, საპასუხოდ, მათ და ნატო-ს მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში ავიაცია აამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები.