ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი,-ასე შეაფასა თბილისი მერმა, კახა კალაძემ გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.
კახა კალაძის თქმით, იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო გააკეთებს შესაბამის შეფასებას მომხდართან დაკავშირებით.
„ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც სხვათა შორის, პირველი შემთხვევა არ არის. ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მოყენება, გინება და ასე შემდეგ. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი. ჩვენ არავის ვუვარდებით, არავის ვესხმით თავს. იმედი მაქვს, საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. უბრალოდ, წარმოუდგენელია იმყოფებოდე საარჩევნო კამპანიაში და რამდენიმე მოძალადე ადამიანი, დაჯგუფება გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდეს მუშაობაში და აყენებდეს შეურაცხყოფას. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები. შესაბამისად, როდესაც შენ მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავის მიზანი. მიზანი არის ის, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.