დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოპენჰაგენში ამერიკის საელჩოს მაღალი რანგის დიპლომატი დაიბარა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის მოქალაქეები გრენლანდიაში საიდუმლო ოპერაციებს ატარებდნენ.
დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი DR წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოპერაციების მიზანი გრენლანდიის საზოგადოებაში შეღწევა და მისი დანიიდან აშშ-ში შემადგენლობაში გადასვლის საკითხის ხელშეწყობა იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს ინფორმაცია, ვისთვის მუშაობდნენ ამ ოპერაციებში ჩართული ადამიანები.
დანიის დაზვერვა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ გრენლანდია „სხვადასხვა სახის გავლენის კამპანიების“ სამიზნე გახდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა დაადასტურა, რომ სწორედ ამ კონტექსტში დაიბარეს აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული.
მინისტრის თქმით, „დანიის სამეფოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია“.
დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა თავის შეფასებაში განაცხადა, რომ გავლენის კამპანიები მიზნად ისახავს „დანიასა და გრენლანდიას შორის ურთიერთობებში უთანხმოების შექმნას“.
უწყებამ განაცხადა, რომ გააძლიერა თავისი წარმომადგენლობა გრენლანდიაში და თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს გრენლანდიის, დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიის, აშშ-ის შემადგენლობაში ხილვა. ტრამპმა ისიც კი განაცხადა, რომ თავისი მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს. ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენმსმა კი კოპენჰაგენი გრენლანდიაში არასაკმარისი ინვესტიციების განხორციელებაში დაადანაშაულა.
რამდენიმე თვის წინ გრენლანდიაში ვიზიტის დროს დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აშშ გააფრთხილა, რომ „თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ქვეყნის ანექსია“.
ამჟამად, დანიაში შეერთებულ შტატებში ელჩი არ ჰყავს, სწორედ ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის საელჩოს დროებითი რწმუნებული მარკ სტროჰი დაიბარეს.