ტყიბულის მაღაროელებმა სოლიდარობის კიდევ ერთი წერილი მიიღეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის სახელზე წერილი ორგანიზაციების: ITUC-ის გენერალური მდივნის შარონ ბაროუს, ETU/PERC გენერალური მდივნის ჯონ მონქსისა და PERC-ის პრეზიდენტის მიხაილ შმაკოვისგან მიიღეს.
"ჩვენ შოკში ვართ საქართველოს მაღაროებში შექმნილი მდგომარეობით, რასაც 11 თვის მანძილზე სამი ტრაგიკული შემთხვევა მოჰყვა და შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დასაქმებულმა მძიმე ტრავმები მიიღო, რაც მაღაროებში შრომის არასათანადო პირობებმა და ადმინისტრაციის მხრიდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაზე გულგრილობამ განაპირობა. ჩვენთვის ასევე გამაოგნებელია ის უპასუხისმგებლობა და უგულობა, რასაც საწარმოს ადმინისტრაცია და სახელმწიფო ხელისუფლება ავლენს დროის ასე მცირე პერიოდში მომხდარი უბედური შემთხვევბის მიმართ და კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მტკიცებულებების ფაბრიკაციის გზით ცდილობს, მომხდარი უბედური შემთხვევები დაზარალებულებს გადააბრალოს", - ნათქვამია წერილში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ უბედური შემთხვევები სამწუხარო მტკიცებულებებს მატებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას დასაქმებულების მიმართ და კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ მწვავე რეალობას, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები, რომლებიც განახორციელებდა მონიტორინგს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების მდგომარეობაზე, მიმართავდა საჭირო ზომებს და ხელს შეუწყობდა უბედური, განსაკუთრებით კი, ფატალური შემთხვევების პრევენციას.
"ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ტყიბულის მაღაროს მუშაკებს, რომლებიც ხელმძღვანელობისაგან სამართლიანად მოითხოვენ დასაქმებულთა ჯანმრთელობისათვის საშიში შრომითი პირობების სწრაფ გაუმჯობესებას, რაც ბუნებრივია მოიცავს მაღაროებში შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას, მაღაროელების სპეციალური დამცავი საშუალებებით აღჭურვასა და უბედური შემთხვევების მსხვერპლთა შესაფერის კომპენსაციას. მსგავსი ცვლილებები ასევე უნდა შეიცავდეს მავნე და მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულთათვის ადეკვატურ, მაღალ ანაზღაურებას და დასაქმებულთა სტაბილურობისთვის უვადო შრომითი კონტრაქტების გაფორმებას. Qქვეყანაში, სადაც არ ფუნქციონირებს შრომის ინსპექცია, შრომითი კანონმდებლობა ვერ უზრუნვლეყოფს დისკრიმინაციისაგან დაცულობას და დასაქმებულები მხოლოდ დამსაქმებლების კეთილ ნებასა და წყალობაზე არიან დამოკიდებულნი, მხოლოდ მობილიზაციით არის შესაძლებელი მშრომელთა უფლებების, მათ შორის, გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებების რეალიზაცია", - აღნიშნულია წერილში.