რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შესთავაზა, ოფიციალურად უარი თქვას წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის შესრულებაზე.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია ორშაბათს, 25 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ითვალისწინებს თავად კონვენციის, ასევე მისი ოქმების დენონსაციას, რომლებსაც რუსეთმა 1996 წელს მოაწერა ხელი.
გადაწყვეტილების მიზეზები განმარტებული არ არის.
წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენცია, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს შესაბამისი კომიტეტის (წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი) მუშაობას. მის უფლებამოსილებებს შორისაა დოკუმენტის ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის დაკავების ადგილებში, შეუფერხებელი ვიზიტები.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა წარსულში გამოაქვეყნა რამდენიმე ანგარიში რუსეთის მიერ წამების საწინააღმდეგო კონვენციის დარღვევების შესახებ. ეს მოიცავდა ჩეჩნეთში, რუსეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და ციხეებში განხორციელებულ შემთხვევებს.
ბოლო ასეთი ანგარიში 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა და მასში ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომიტეტის ანგარიშს „პოლიტიზებული“ და „ორაზროვანი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი „შანტაჟის“ ქვეშაა. უწყების განცხადებით, რუსეთი 2023 წლის ბოლოდან წამების საწინააღმდეგო კომიტეტში არ არის წარმოდგენილი.
2023 წლის სექტემებრში პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის დენონსაციის შესახებ. 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი ევროპის საბჭოსთან 21 საერთაშორისო ხელშეკრულების, მათ შორის ადამიანის უფლებათა კონვენციის დენონსაციის შესახებ.