ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის განსახილველად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის სურვილის ნიშნები ჯერ არ ჩანს. ამის შესახებ სტუბმა Helsingin Sanomat -თან ინტერვიუში განაცხადა.
სტუბის შეფასებით, რუსეთი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას „სულ მცირე შემოდგომამდე, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თავისი ტერიტორიული მიღწევები“.
ის სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინასა და რუსეთს შორის სამიტის პერსპექტივების მიმართ, რომლის მომზადებაც ევროპელ ლიდერებსა და დონალდ ტრამპს შორის თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განიხილეს.
„თუ მიზანი ვაშინგტონიდან ორი კვირის შემდეგ, ანუ ორშაბათიდან ერთი კვირის შემდეგ ორმხრივი შეხვედრა იყო, მაშინ ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთის მხრიდან დროის გაჭიანურების ტაქტიკა გრძელდება“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
„პუტინი მზადაა ზელენსკის შეხვდეს, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად“, - თქვა ლავროვმა.