ჩინეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების მისიაში. აღნიშნულმა ევროპულ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია გამოცემა Welt am Sonntag-ზე დაყრდნობით იუწყება.
ევროკავშირის დიპლომატებმა, ანონიმურობის პირობით, გამოცემას განუცხადეს, რომ ჩინეთის სამთავრობო წრეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის სამშვიდობო კონტინგენტში.
თუმცა, წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ პეკინი მზად იქნება ამისთვის, „თუ სამშვიდობო ჯარები გაერო-ს მანდატის საფუძველზე განლაგდებიან“.
ჩინეთის პოზიციამ ბრიუსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნების მხარდაჭერამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის იდეის წინსვლას.
მეორე მხრივ, „არსებობს საფრთხეც, რომ ჩინეთი, პირველ რიგში, უკრაინაში ჯაშუშობას მოისურვებს და კონფლიქტის შემთხვევაში ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად აშკარად პრორუსულ პოზიციას დაიკავებს“, - განუცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Welt am Sonntag-ს.
კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას, სხვადასხვა მიზეზის გამო, ურჩევნია პოტენციურ სამშვიდობოებს გაერო-ს დონეზე მანდატი არ მიანიჭოს.