ნატო-მ უკრაინას 2024 წელს 50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაუგზავნა და მსგავსი რაოდენობის მხარდაჭერა 2025 წლისთვისაც იგეგმება. ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.
„ნატო-ს ქვეყნებმა სამხედრო დახმარების 99% უზრუნველყო. 2024 წელს მისმა მოცულობამ 50 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2025 წელს ჩვენ უკვე მივაღწევთ 33 მილიარდ დოლარს, მაგრამ წლის ბოლოსთვის წინა მაჩვენებელს გავიმეორებთ“, - განაცხადა დრაგონემ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
„ჩვენ ვაპირებთ სამხედრო დახმარების გაგრძელებას და მის გაზრდასაც კი. დაახლოებით 40 დღის წინ, პრეზიდენტ ტრამპთან და მის მრჩევლებთან ერთად, ჩვენ შევქმენით უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სია (PURL), რომელიც შედგენილია უკრაინელების მიერ“, - განაცხადა დრაგონემ.
დრაგონემ განაცხადა, რომ მოკავშირეები, „რომლებიც მზად არიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და რომლებიც არც ევროკავშირის და არც ნატო-ს წევრები არ არიან, აფინანსებენ ამერიკული იარაღის მიწოდებას, რომელიც სწრაფად მიეწოდება კიევს“.
„დღეისათვის, PURL-ის პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაიგზავნა“, - თქვა დრაგონემ.
„არსებობს სამი პაკეტი, თითოეულის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ევროა. პირველი დააფინანსა ნიდერლანდებმა აგვისტოს დასაწყისში, მეორე კი -მომდევნო დღეს დანიამ, ფინეთმა და შვედეთმა. მესამე -თვის შუა რიცხვებში გერმანიამ დააფინანსა“, - თქვა მან.
ნატო-ს წარმომადგენლის თქმით, ეს, პირველ რიგში, რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალას ეხება.