გაერო საქართველოს ხელისუფლებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი წინასწარი დაკავების 90-დღიანი ვადის 60-დღემდე შემცირებას თხოვს, რასაც თბილისი არ იზიარებს.
აღნიშნული რეკომენდაცია ერთ-ერთია ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის მიცემულ იმ 163 რეკომენდაციას შორის, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში გამართულ მე-10 სესიაზე, 1-ელ თებერვალს დაამტკიცა.
როგორც აღნიშნულ სესიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრაქტიკა ბევრი ევროპული სახელმწიფოს პრაქტიკაზე უფრო ლიბერალურია, რის გამოც ეს რეკომენდაცია გაზიარებული ვერ იქნება".
"ის, რომ საქართველომ 160-ზე მეტი რეკომენდაცია მიიღო მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებათა კუთხით ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობით საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია. ცნობისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 200-მდე რეკომენდაცია მიიღო, ანუ რაც მეტ რეკომენდაციას იღებს სახელმწიფო, მიიჩნევა, რომ მით მეტად არის დაინტერესებული საერთაშორისო თანამეგობრობა იქ არსებული მდგომარეობით", - განუცხადა სერგი კაპანაძემ რადიო "თავისუფლებას".
აღსანიშნავია, რომ საქართველომ სულ 5 რეკომენდაციის გაზიარებაზე თქვა უარი და როგორც კაპანაძე განმარტავს, ისიც იმის გამო, რომ "არასწორ ინფორმაციას ეფუძვნებოდა".
"მაგალითად, რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც საქართველომ უნდა შეწყვიტოს უმცირესობათა ჯგუფებისგან მტრის ხატის შექმნა., ბუნებრივია ვერ გავითვალისწინებდით, რადგან ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება", - განმარტა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი წინასწარი დაკავების 90-დღიანი ვადის შემოღებას თავის დროზე ხელისუფლების ოპონენტების მხრიდანაც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.