კიევმა მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოქნილობა უნდა გამოიჩინოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
მისი განცხადებით, ის არ გეგმავს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველ შესაძლო შეხვედრაზე დასწრებას.
ამავდროულად, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ზელენსკი და პუტინი შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.
„ვფიქრობ, პუტინი და ზელენსკი იმაზე უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე მეგონა. მგონია, რომ მათ ყველაფერი კარგად აქვთ. საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ. ვერ ვიტყოდი, რომ ისინი ოდესმე საუკეთესო მეგობრები გახდებიან, მაგრამ ყველაფერი კარგად ექნებათ. შვიდი ომი დავასრულე და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე რთულად მოსაგვარებელი აღმოჩნდა.“, - თქვა ტრამპმა.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ უკრაინას ყირიმის დაბრუნების იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს „შეუძლებელია“.
„ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქნილობა უნდა გამოიჩინოს“, - განაცხადა ტრამპმა მომავალი მოლაპარაკებების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „პუტინი სწორად მოიქცევა“, წინააღმდეგ შემთხვევაში „სიტუაცია რთული იქნება“.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება „რუსებისთვის ყოველთვის ტაბუდადებული იყო, პუტინამდე დიდი ხნით ადრე“.
უკრაინისთვის ომისშემდგომ გარანტიებზე საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს სურთ, რომ სამხედრო კონტინგენტის უშუალოდ უკრაინაში ყოფნა ამ გარანტიების ნაწილი იყოს.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს შეუძლია ევროპას დაეხმაროს უკრაინაში ჯარების განლაგებაში, მათ შორის საჰაერო მხარდაჭერით, მაგრამ უკრაინაში უშუალოდ ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან.