ხარკოვში, რუსული დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი დაიღუპა. 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვია.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, „შაჰედის“ ტიპის დრონებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონს შეუტიეს. ერთ-ერთი დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა.
აფეთქების შედეგად ხანძარი ორ სადარბზოში გაჩნდა: პირველ სადარბაზოში მეორედან მეოთხემდე სართულები დაიწვა, ხოლო მეორე სადარბაზოში ცეცხლი ზედა სართულს მოედო.
სართულების ჩამონგრევის გამო, არსებობს რისკი, რომ ადამიანები, შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყვნენ დარჩნილი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
წინასწარი ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის 06:36 საათზე მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი გამოიყვანეს, რომელიც შესაძლოა გარდაცვლილი ბავშვის დედა იყოს. ქალი ცოცხალია და სამედიცინო დახმარებას იღებს.
სულ დაზიანებულია ექვსი საცხოვრებელი შენობა და 15 ავტომობილი.