სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლები არ ცხრება. შაბათს, რამდენიმე ქალაქში შეტაკებები გაგრძელდა პოლიციასა და ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციის მონაწილეებს შორის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვალევოში მომიტინგეთა ჯგუფმა სერბეთის მმართველი პარტიის ოფისს ცეცხლი წაუკიდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დემონსტრანტებმა კი ფოირვერკები ისროლეს.
შეტაკებები სერბეთის რამდენიმე ქალაქში მოხდა, მათ შორის ვალევოში, დედაქალაქ ბელგრადსა და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი სადში.
სერბეთის პოლიციის ცნობით, კვირას ღამით პოლიციაში 56 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 16 დააკავეს. ექვსმა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
სერბეთის ოპოზიცია, სტუდენტური ორგანიზაციების ხელმძღვანელობით, ცხრა თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს.
აქციები დაიწყო 1-ელ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა.
დემონსტრანტები მოითხოვენ ამ პასუხისმგებელი პირების დასჯას, კორუფციასთან ბრძოლის გამკაცრებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.