ალასკაში, ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე შეხვედრი პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ნება დართო პუტინს, პირველად გაეკეთებინა განცხადება, რაც უჩვეულოა, რადგან პროტოკოლით, განცხადებას თავდაპირველად მასპინძელი ქვეყნის ლიდერი აკეთებს.
პრეზიდენტების განცხადებებმა ცხადჰყო, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის შეთანხმება მიღწეული არ არის.
პუტინმა კონტრუქციული უწოდა გამართულ მოლაპარაკებებს.
"ჩვენი მოლაპარაკებები პატივისცემით, კონსტრუქციულად და ურთიერთპატივისცემით გაჯერებულ ატმოსფეროში გაიმართა, ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო იყო", - თქვა მან.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ტრამპის მიმართა ალასკაში მოწვევისთვის.
"საკმაოდ ლოგიკურია აქ შეხვედრა, რადგან ჩვენი ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ოკეანეებით არიან გამოყოფილი, სინამდვილეში ახლო მეზობლები არიან", - თქვა რუსეთის ლიდერმა.
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ომის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას.
"უკრაინაში არსებული სიტუაცია ჩვენი უსაფრთხოებისთვის არსებულ ფუნდამენტურ საფრთხეებს უკავშირდება", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დასრულებით.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, იმისათვის, რომ შეთანხმება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, უნდა აღმოვფხვრათ ამ კონფლიქტის ყველა ძირითადი ფესვი, ძირითადი მიზეზი", - დასძინა მან.
პუტინის თქმით, უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
"მე ვეთანხმები (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ) ტრამპს, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ", - თქვა მან.
პრესკონფერენციის დასასრულს, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ლიდერებს შორის შემდეგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.