ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან.
ქვეყანაში უკვე 12 დღეა ძალიან მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რომელიც სავარაუდოდ, სულ მცირე კვირამდე გაგრძელდება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ხანძრების საფრთხე „უკიდურესად“ მაღალი რჩება.
საფრანგეთიდან ესპანეთში ორი სპეციალური თვითმფრინავი ჩავიდა, ცეცხლის ქრობის ოპერაციებში დასახმარებლად.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული თვითმფრინავები ყევლაზე დაზარალებულ რაიონებში ხანძრების ქრობის ღონისძიებებში ჩაერთვებიან.
ესპანეთი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში ხანძრებს ებრძვის, თუმცა ეს კვირა ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ქვეყნის მასშტაბით უკვე სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ორი მოხალისე მეხანძრე იყო.
დაახლოებით 10 700 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ყველაზე მეტად დაზარალდა ჩრდილო-დასავლეთით კასტილია და ლეონი და გალისია, აღმოსავლეთით ვალენსია და პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესტრემადურა.
ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემებით, წლის დასაწყისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 148 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა.
ხუთშაბათს, ესპანეთის ხელისუფლებამ ცეცხლის წაკიდების ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავა. ერთ-ერთ მათგანს ტყის ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებენ, რომელმაც სულ 2200 ჰექტარი გაანადგურა.
ესპანეთში ხანძრის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილთა აერთო რაოდენობამ სულ მცირე 25-ს მიაღწია.