აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს ადგილობრივი დროით 11:30 საათზეა(თბილისის დროით 23:30 საათზე) დაგეგმილი. ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინთან ერთად აშშ-ში რუსეთის კიდევ ხუთი წარმომადგენელი გაფრინდება. იუწყება რუსული სამთავრობო მედია „რია ნოვოსტი“
„პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა ანკორიჯში, ალასკაში, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე დაიწყება. პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის ცენტრალური თემა უკრაინის კრიზისის მოგვარება იქნება [ასე უწოდებენ რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომს]", - განაცხადა უშაკოვმა.
მან დასძინა, რომ შეხვედრისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შევიდა - მისი პროგრამა უკვე შეთანხმებულია.
უშაკოვის თქმით, ტრამპი და პუტინი თავდაპირველად პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი მოლაპარაკებებში დელეგაციები ჩაერთვებიან.
კრემლის მეთაურთან ერთად, აშშ-ში ჩავლენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი და უშაკოვი.
კრემლის თანაშემწის თქმით, პუტინი და ტრამპი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.