ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული განხილვის მე-10 სესიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული მოხსენების განხილვა.
საქართველოს მთავრობის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის ხელმძღვანელობით, სამი საათის განმავლობაში, ინტერაქტიული დიალოგის ფორმატში აცნობდა საერთაშორისო თანამეგობრობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის შესახებ და პასუხობდა სხვა სახელმწიფოთა შეკითხვებს. ინტერაქტიულ დიალოგში მონაწილეობის მიღება 54-მა სახელმწიფომ მოასწრო.
განხილვისას დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული პროგრესი. ასევე აღინიშნა ის საკითხები, სადაც, ზოგიერთი სახელმწიფოს შეფასებით, კვლავაც არსებობს შემდგომი განვითარების პოტენციალი.
საქართველოს ხელისუფლებამ 160-ზე მეტი რეკომენდაცია მიიღო, რომელთაგან 100-მდე რეკომენდაციას საქართველოს დელეგაცია ადგილზე დაეთანხმა. მიღებული რეკომენდაციების დამუშავება მომდევნო თვეებში გაგრძელდება, რომლის შედეგად მოხდება საქართველოს საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
საქართველოს დელეგაციამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. საუბარი შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს და მათთვის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, რომლის შედეგად ილახება დევნილი მოსახლების საკუთრების უფლება.
დიალოგის მსვლელობისას რუსეთის ფედერაცია ორჯერ შეეცადა პროვოკაციული განცხადებების გზით მოეხდინა ფორუმის პოლიტიზაცია. აღნიშნულ განცხადებებს პასუხი გასცეს საქართველოს დელეგაციამ და სხდომის თავმჯდომარემ, რომელმაც მოუწოდა შეხვედრაზე მყოფ სახელმწიფოებს თავი შეეკავებინათ არარელევანტური პოლიტიკური განცხადებებისგან.
რუსეთის ფედერაციის განცხადებებს გამოეხმაურა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციის გამო, საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ასევე ავსტრალიის დელეგაციამ და მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და გამოიჩინოს კონსტრუქციულობა საქართველოს ტერიტორიებზე სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიებში.
უნივერსალური პერიოდული განხილვის პროცედურული წესების შესაბამისად, 1-ელ თებერვალს მოხდა საქართველოს გამოსვლის ამსახველი მოხსენების მიღება. აღნიშნულ მოხსენებაში სრულყოფილად დაფიქსირდა საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ყველა იმ პროვოკაციულ განცხადებაზე, რომლითაც რუსეთი საქართველოს გამოსვლაში დესტრუქციული ელემენტის შეტანას ცდილობდა.
მოხსენებაში გამოჩნდა, როგორ წარუმატებლად ცდილობს რუსეთის ფედერაცია მოახდინოს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული პროგრესის გაუფერულება დებატების პოლიტიზაციის გზით. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მეზობელ დემოკრატიებში არსებული მდგომარეობის უსაფუძვლო და აბსურდული კრიტიკით ყურადღებას გადაიტანს რუსეთის შიგნით არსებული ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისგან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც კონსტრუქციულ ვითარებაში დააფიქსირა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები იმ მიზნით, რათა საქართველოში ნამდვილად გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველო ყველა ღონეს იხმარს, რათა გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გზით.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული განხილვის მე-10 სესიის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული მოხსენების განხილვა ჟენევაში 28 იანვარს გაიმართა.