მე ვანო მერაბიშვილი ხომ არ ვარ, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გამზადებული ვერსიით რომ გამოვიდა? როგორ შეიძლება მე ამაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ან ასე მოხდა და ან ისე, რაც გამოძიების პრეროგატივაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას უკავშირდება, მას ინფორმაცია აქვს.
„ჩვენთვის, პირველ რიგში, მთავარია, რომ თორნიკე [რიჟვაძე] არის ჯანმრთელად. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიებასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართეთ შესაბამის ორგანოებს. მე ყველაფერი ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გასაჯაროვდება ის, რაც უნდა გასაჯაროვდეს. დასამალი იქ არაფერი არ არის, მაგრამ ამაზე პასუხს შესაბამისი ორგანო გაგცემთ. მე ვანო მერაბიშვილი ხომ არ ვარ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გამზადებული ვერსიით რომ გამოვიდა? როგორ შეიძლება მე ამაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ან ასე მოხდა და ან ისე, რაც გამოძიების პრეროგატივაა. ყველაფერთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას უკავშირდება, მაქვს ინფორმაცია, მაგრამ როგორ შეიძლება საზოგადოებას ვუთხრა, რომ ასე ან ისე მოხდა. თორნიკეს ჯანმრთელობით მე მუდმივ რეჟიმში ვინტერესდები და მიხარია, რომ ის ჯანმრთელადაა. პირადად არ ვაწუხებ, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა, პირადადაც მოვიკითხავ. რაც შეეხება ჩვენს მთავარ ინტერესს - მთავარია თორნიკე იყოს ჯანმრთელად, მუდმივად ვინტერესდებით ამით და იმედი გვაქვს, მალე დაბრუნდება საქართველოში და დიდი სიხარულით შევხვდებით მას“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.