საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს ინფლაციის გაკონტროლება დაავალა.
"ეკონომიკის ზრდასთან და სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ბიუჯეტის დეფიციტით ინფლაცია არ გავაღრმაოთ. ფულის ჩადება და ამოღება ისე უნდა მოხდეს, რომ ეს ფასებს არ დააწვეს", - განაცხადა სააკაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას.
ქვეყნის პირველმა პირმა ფინანსთა მინისტრსა და ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს "თანხების სწორი გადანაწილების" მუდმივი კონტროლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდისთვის ამას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს.
"ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა გაჩერდეს, რადგან მათი განხორციელება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს. გზის დაგებაზე, ახალი სადგურების, შენობების, თუ რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული ხალხისთვის გაზრდილი ფასები ნაკლები დარტყმაა, ამიტომ ასეთი პროექტების გაჩერება არ შეიძლება. მაგრამ
ეკონომიკის ზრდასთან ერთად (მეტი თანხა შემოდის) თანხების სწორი გადანაწილება უნდა მოვახდინოთ", - განმარტა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ყველა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ქვეყნის პირველ პირს ანგარიში ჩააბარა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ინფლაციაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, რადგან 2010 წელს ის პროფიციტული იყო.
"ჩვენ 36 მილიონით პროფიციტული ბიუჯეტი გვაქვს. ახლა ვმუშაობთ, რომ ხარჯები დაბალი იყოს და ამ მხრივ ინფლაციაზე არ იმოქმედოს", - განმარტა ბაუნდურაშვილმა.
მან პრეზიდენტს სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებზე წელს 40 მილიონი, ინფრასტრუქტურულზე კი მილიარდზე მეტი ლარია გათვალისწინებული.
"გარდა ამისა, 20 მილიონი ლარის ოდენობის რეზერვი გამოინახა ელექტროენერგიის სუბსიდიის გასაცემად", - დასძინა ფინანსთა მინისტრმა.