ნორვეგია, შვედეთი და დანია ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად 420 მილიონ ევროს გამოყოფენ. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
დახმარება Prioritized Ukraine Requirements List (PURL)-ისახალი ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება.
როგორც იუწყებიან, ნორვეგია, შვედეთი და დანია ერთიანდებიან, რათა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიონ პრიორიტეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დახმარების კოორდინაციას კი ნატო გაუწევს.
PURL-ის ფარგლებში დახმარება მიზნად ისახავს ამერიკული შეიაარღებისა და აღჭურვილობის სწრაფი მიწოდების უზრუნველყოფას უკრაინაში და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, კერძოდ, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის დამატებითი რაკეტების მიწოდების გზით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდებმა უკვე დააფინანსა მსგავსი ღირებულების დახმარების პაკეტი და უახლოეს პერიოდში PURL-ის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ასეთი პაკეტი გაიცემა.
ასეთი დახმარების პაკეტები შეიძლება მოიცავდეს საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალის და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მხარდაჭერას.
თითოეული დახმარების პაკეტის სავარაუდო ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარი იქნება და ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში მნიშვნელოვან კოორდინაციულ როლს შეასრულებს ამ მიწოდების დაგეგმვასა და განხორციელებაში - მათ შორის უკვე გადაცემული აღჭურვილობის შეკეთებასა და მოდერნიზაციაში. უსაფრთხოების მიზნით, თითოეული პაკეტის ზუსტი შინაარსი არ გახმაურდება.