აშშ ახალი სავიზო პროგრამის ფარგლებში ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე წინასწარ დეპოზიტს მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესაბამის შეტყობინებაში, რომელიც ფედერალურ რეესტრში 5 აგვისტოს უნდა გამოქვეყნდეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სიახლე შეეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზების ვადების დარღვევის მაღალი მაჩვენებელი აქვთ ან მათი დოკუმენტების უსაფრთხოების შიდა კონტროლის სისტემა არასათანადოდ ფუნქციონირებს. ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყნების მოქალაქეებს ვიზის აღების განაცხადის შევსებისას საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება დაუწესდებათ, რომლის ოდენობაც 5000-დან 15000 დოლარამდე იქნება.
სახელმწიფო დეპარტამენტს იმ ქვეყნების სია არ გამოუქვეყნებია, რომლებზეც ახალი მოთხოვნა გავრცელდება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ ან შემოწმების პროცესი არასრულყოფილია. ასევე, პროგრამა საგარეო პოლიტიკის ფაქტორებიდან გამომდინარეც იმოქმედებს.
ახალი სავიზო პროგრამა 2025 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ამასთან, ამ თანხის გადახდა არ მოუწევს იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-თან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.